აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, იტყობინება თეთრი სახლის პრესსამსახური. კერძოდ, ავღანეთის, ბირმის, ჩადის, კონგოს, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მაცხოვრებლებს აღარ შეეძლებათ შეერთებულ შტატებში შესვლა.
ვაშინგტონის თქმით, ეს ქვეყნები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მაღალი დონის საფრთხეს წარმოადგენენ. შესვლა ნაწილობრივ შეიზღუდა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის: ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა-ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა. აკრძალვა ძალაში 9 ივნისიდან შევა.
აღნიშნულია, რომ ტრამპის ბრძანება გამონაკლისებს ითვალისწინებს აშშ-ის მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, დიპლომატიური ვიზების, გაეროს ან ნატოს ვიზების მფლობელებისთვის, სპორტსმენებისა და იმ პირებისთვის, „რომელთა შესვლაც შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში შედის“. „ჩვენ აღვადგენთ მოგზაურობის აკრძალვას, რომელსაც ზოგიერთი „ტრამპის აკრძალვას“ უწოდებს და ჩვენ რადიკალურ ისლამისტ ტერორისტებს ჩვენს ქვეყანაში არ შევუშვებთ“, - განაცხადა ტრამპმა. მან დასძინა, რომ იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალებათ, შესაძლოა გაფართოვდეს, რადგან „საფრთხეები მთელ მსოფლიოში ჩნდება“. თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, აბიგაილ ჯექსონმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტი ასრულებს თავის დაპირებას, დაიცვას ამერიკელები „საშიში უცხოელი აქტორებისგან, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა და ჩვენთვის ზიანის მიყენება სურთ“.
პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ტრამპმა უკვე შეზღუდა სხვა ქვეყნების მოქალაქეების შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება. ეს მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო, როგორც პრეზიდენტის, 2017 წელს. იმ დროს სიაში ცხრა ქვეყანა იყო შეტანილი: კუბა, ირანი, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, სომალი, სუდანი, სირია, ვენესუელა და იემენი. ეს აკრძალვა სასამართლოში მრავალჯერ გასაჩივრდა, შეიცვალა, მაგრამ საბოლოოდ ძალაში დარჩა - აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთი ხმის უმრავლესობით ის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მიიჩნია. თუმცა, ტრამპის მემკვიდრემ, ჯო ბაიდენმა, აკრძალვა ინაუგურაციისთანავე მოხსნა.
მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ...
უკრაინის დელეგაცია რუსეთის ფედერაციის დელეგაცია...
პოლონეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნ...
რუმინეთს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, კალი...
Mana press